ამ სტატიაში გავცემ ამ ყველაფერზე პასუხს, ასევე ვისაუბრებ რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი და თავს მოვუყრი ერთად თუ როგორ გამოვიყენოთ ჩამკეტის სიჩქარე, დიაფრაგმა და ISO.
რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი?
გაეცანით დიაგრამას:
![]() |
როგორც ხედავთ სამკუთხედის ყოველი გვერდის მარჯვენა მხრისაკენ სინათლის რაოდენობა იმატებს. |
ეს დიაგრამა გვიჩვენებს თუ როგორ არის ერთმანეთზე დამოკიდებული ექსპოზიციის სამივე პარამეტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენჯერაც გავადიდებთ ან შევამცირებთ რომელიმე პარამეტრს, იმდენივე რაოდენობით უნდა გავადიდოთ ან შევამციროთ დანარჩენი ორი პარამეტრიდან ერთ-ერთი ან ორივე ისე, რომ ორივეზე თანაბრად გადანაწილდეს ცვლილება. დარწმუნებული ვარ ესეთი ახსნილი გაუგებარია, ამიტომ მოვიყვან მაგალითს:
დავუშვათ გვაქვს არჩეული დიაფრაგმა და შევამცირეთ მისი ზომა ერთი საფეხურით (ნაკლები სინათლე შედის), იმისათვის რომ იგივე რაოდენობის სინათლე მივიღოთ სურათზე ან ჩამკეტის სიჩქარე უნდა შევამციროთ ერთი საფეხურით, ან ISO გავზარდოთ ერთი საფეხურით. გვაქვს კიდევ ერთი მეთოდი: შეგვიძლია ნახევარი საფეხურით შევამციროთ ჩამკეტის სიჩქარე და ნახევარი საფეხურით გავზარდოთ ISO (სწორედ ეს ვიგულისხმე ზემოთ "ცვლილებების თანაბრად გადანაწილებაში"), ჯამში გამოვა 1 საფეხური, რაც იმას ნიშნავს რომ იგივე რაოდენობის სინათლე შევა.
საიდან უნდა დავიწყო ექსპოზიციის გასწორება?
ამის დადგენილი წესი არ არსებობს, ვისაც როგორ ეხერხება ისე აკეთებს, ამიტომ მე ვისაუბრებ თუ რას ვაკეთებ მე.
ჩვეულებრივი გადაღების დროს ვიწყებ დიაფრაგმით, ვასწორებ დიაფრაგმას იმის მიხედვით თუ რა უნდა გადავიღო, რამდენად ღრმა ფოკუსი მჭირდება (რაც უფრო ღრმაა ფოკუსი მით მეტი საგანია ფოკუსსში), ასევე ვითვალისწინებ სინათლეს, ანუ რამდენად მაღლა შემიძლია ავიყვანო ISO და რამდენად ნელი ჩამკეტის სიჩქარით გადავიღებ (ეს იმ შემთხვევაში თუ შტატივს არ ვიყენებ). რა თქმა უნდა შებინდებისას დიაფრაგმას თუ f/16 ზე ან უფრო პატარაზე დააყენებ ძალიან მაღალი ISO და ნელი ჩამკეტის სიჩქარე დაგჭირდებათ, რაც ფოტოზე სავარაუდოდ ცუდად აისახება.
ამის შემდეგ ვასწორებ ჩამკეტის სიჩქარეს, შემდეგ ISO-ს.
მაგრამ ყოველთვის ამ თანმიმდევრობას არ მივსდევ, თუ სპორტს ვიღებ, პრიორიტეტს ვანიჭებ ჩამკეტის სიჩქარეს და მასზე ვარგებ დიაფრაგმასა და ISO-ს, თუ პეიზაჟს ვიღებ ვასწორებ დიაფრაგმას, ვცდილობ რაც შეიძლება დაბალი ISO გამოვიყენო (უფრო სუფთა გამოვიდეს სურათი) და რაც შეიძლება ნელი ჩამკეტის სიჩქარე (თუ ცოტაა სინათლე), ისე რომ ხელით გადაღება შემეძლოს ან შტატივს გამოვიყენებ და გრძელ ექსპოზიციას გავაკეთებ.
ექსპოზიციის გასწორებაში გვეხმარება ექსპონომეტრი, ჩვენი მიზანია ექსპონომეტრის ჩვენება ნულთან ახლოს მივიყვანოთ.
მაგრამ აქაც შეიძლება გამონაკლისის დაშვება, ყოველთვის არ მოგვცემს კარგ შედეგს ექსპონომეტრის ნულამდე მიყვანა, მაგალითად თოვლიანი გარემოს გადაღებისას ექსპონომეტრი ნულზე რომ დავაყენოთ, თოვლს მონაცრისფერო ფერი ექნება, ამიტომ ცოტა ნულს ზემოთ უნდა დავაყენოთ, ახლა კი ყველაფერი კარგად იქნება.
იმედია ჩემი ახსნილი ძნელად გასაგები არ გამოვიდა, დამატებითი კითხვებისათვის მომმართეთ ფეისბუქის გვერდზე.