Thursday, August 15, 2013

ფილტრები - Filters

ფილტრები უბრალოდ რომ ვთქვათ არის მინა, რომლის დამაგრება შეგიძლიათ ობიექტივის წინიდან, ამ პოსტში განვიხილავთ ფილტრების რამოდენიმე ტიპს და განვმარტავ თითოეულის დანიშნულებას.

ფილტრების ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ რა ზომის ფილტრი ერგება თქვენს ობიექტივს, ეს ან წინიდან ეწერება ობიექტივს ან კიდევ მის მონაცემებში იქნება (filter size).
თუ მაღალი ხარისხის ობიექტივი გაქვთ, ასევე მაღალი ხარისხის ფილტრი უნდა იყიდოთ, რადგან დაბალი ხარისხის ფილტრი შეამცირებს სურათის სიმკვეთრეს.

გასაწმენდად გამოიყენეთ თქვენი კამერის საწმენდი მიკრობოჭკოვანი ნაჭერი.





UV (ultra violet/ულტრა იისფერი) Filters


ციფრულ კამერებში ამ ფილტრებს მაინცდამაინც დიდი დანიშნულება არ აქვთ, ისინი მხოლოდ ობიექტივების წინა შუშის დასაცავად გამოიყენება.
თუმცა თუ ფირიან აპარატს იყენებთ, მაშინ ეს შეამცირებს ულტრა იისფერ და ინფრაწითელ სინათლეებს.
მნიშვნელოვანია, რომ იყიდოთ ეს ფილტრი nano coating-ით, რადგან მის გარეშე იმატებს სინათლის არეკვლა, რის შედეგადაც დაახლოებით 4%-ით ნაკლები სინათლე შედის ობიექტივში, ასევე ზრდის lens flare-ს.








Polarizing Filters


ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგარი ფილტრი პოლარიზაციის ფილტრია, მისი შედეგები გაგაოცებთ! 

წყალი - წყლის გადაღებისას პოლარიზაციის ფილტრის გასწორების მეშვეობით თქვენ შეძლებთ დაინახოთ წყალში, მას უფრო გამჭვირვალეს ხდის - პოლარიზაციის ფილტრი ამცირებს არეკლილი სინათლის რაოდენობას, რასაც გასაოცარი შედეგები მოაქვს.

ცა - ფილტრის გასწორებისას ძალიან მარტივად შეიძლება ცის უფრო მკვეთრი ლურჯი ფერის მიღება, ფილტრის დატრიალებისას დაინახავთ რომ მკრთალი ლურჯი ფერი გადავა უფრო ძლიერ ლურჯ ფერში, ეს ფილტრი ასევე ამცირებს ქალაქებში არსებულ ნისლის ეფექტს.

ფერები -  როდესაც ფილტრი ამცირებს არეკლილ სხივებს საგნებიდან, იმ საგნებიდანაც კი რომელიც გეგონათ, რომ საერთოდ არ ირეკლავდა შედეგად ვიღებთ უფრო ძლიერ და მკვეთრ ფერებს.

ერთი გარემოება ამ ფილტრის გამოყენებისას ის არის, რომ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფილტრი 1-2 საფეხურით ნაკლებ სინათლეს უშვებს.

ფართო კუთხიან ობიექტივებზე გამოყენებისას შესაძლოა ამ ფილტრის ეფექტი კუთხეებთან შემცირდეს და დაეტყოს, რომ პოლარიზაციის ფილტრია გამოყენებული სურათზე.

პოლარიზაციის ფილტრის ეფექტების ილუსტრირებას ჩემი ფოტოებით მოგვიანებით მოვახდენ!




ND (Neutral Density) Filters


ეს ფილტრი გამოიყენება ობიექტივში შესული სინათლის შესამცირებლად, როდესაც სინათლე ძალიან დიდია. ხშირად გამოიყენებენ ხოლმე ჩანჩქერების გრძელი ექსპოზიციით გადაღებისას.
ასევე არსებობს ცვალებადი დონის ფილტრი, რომლის დატრიალებისას სხვადასხვა რაოდენობის სინათლე აღწევს და ძირითადად გამოიყენებენ ვიდეოს გადაღებისას, როდესაც ექსპოზიციის პარამეტრებს ვეღარ ცვლიან, რომ ნაკლები სინათლე მოხვდეს სენსორზე.









Graduated ND Filters (GND)



ეს არის grad ND filter, რომლის მხოლოდ ნახევარი მხარეა ჩაბნელებული. მას გამოიყენებენ პეიზაჟის გადაღებისას.
როდესაც პეიზაჟს იღებ კაშკაშა ცით, შეუძლებელია ექსპოზიცია ისე გაასწორო, რომ ან მიწა არ გამოვიდეს ჩაბნელებული ან ცა გადანათებული, ამ ფილტრის დაყენების შემდეგ კადრის ნახევარი, ანუ სადაც იქნება ცა შედარებით უფრო ჩაბნელებულია და აღარ დავკარგავთ დეტალებს არც ცაში და აღარც მიწაზე.

რა თქმაუნდა შეიძლება იგივე ეფექტის მიღება კომპიუტერში დამუშავებით, ამისათვის უნდა გადავიღოთ მინიმუმ ორი სურათი, ერთი ცისთვის, მეორე მიწისთვის და შემდეგ დაამუშავო ისინი, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი წვალებაა და ისევ ფილტრის გამოყენება ჯობს.


ფილტრი ასე გამოიყურება ფოტოაპარატზე დამაგრების შემდეგ:




ასევე არსებობს მრგვალი ფორმის grad ND  ფილტრები, მაგრამ მათი ზემოთ-ქვემოთ ამოძრავება არ შეგიძლიათ.

არსებობს რამოდენიმე ტიპის GND - ერთი რომელიც ნელ ნელა გადადის ბნელი ნაწილიდან ჩვეულებრივში, მეორე რომელსაც ძლიერი გამყოფი ზოლი აქ ბნელსა და ჩვეულებრივს შორის.


ცნობისათვის: ფოტოგრაფები, რომლებიც მუშაობენ National Geographic-სათვის არ აქვთ სურათების კომპიუტერით დამუშავების უფლება, მათ სთხოვენ პირდაპირ ფოტოაპარატიდან ამოღებულ RAW ფაილებს, სურათებს რომლებიც თვითონ დაინახეს ამ ფოტოგრაფებმა და არა ფოტოშოპით აწყობილი რაიმე, ასე რომ ასეთ ფოტოგრაფებს ყოველთვის სჭირდებათ GND ფილტრი პეიზაჟების გადასაღებად.


ინფორმაციის წყაროები ამ სტატიისთვის:
digital-photography-school.com
www.kenrockwell.com